პარასკევი, 2025-02-07, 20.06.12
მოგესალმები სტუმარი | RSS
ChaChaVa
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

მინი-ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 20

შესვლის ფორმა

მთავარი » 2013 » მაისი » 31 » ცდუნების ხელოვნება
21.41.37
ცდუნების ხელოვნება

საფლავებს შორის გაწოლილიყო ნისლი და მისი შავი მარწუხები იხრწნებოდა წარწერებს შორის.. ღამე გადაჰფენოდა ზეცას და თითქოს აყუჩებდა ცას სიბნელისფერი ამოსუნთქვებით. მსუბუქი ქარი დაძრწოდა ირგვლივ, რომლის ზუზუნი სიკვდილის ნაზ მელოდიას წააგავდა..

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა ფანრით ხელში და ცდილობდა შავბნელი წყვდიადი გაერღვია. იპოვნა საფლავებს შორის სასურველი ადგილი და იქვე ჩამოჯდა. ფანარი ძირს დადო, მისი შუქი პირდაპირ საფლავის ქვას სცემდა.. ქვაზე ახალგაზრდა მამაკაცის მშვიდი სახე მოჩანდა. თითქოს მარადისობაში გაჰყინვოდა ნაკვთები და მდუმარე სიცივით გაჰყურებდა სივრცეს.

ქალს სახეზე მწუხრისფერი ესვენა. ცივი ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო და ფიქრებში ცდილობდა მოგონებების გაცოცხლებას. თითოეული მათგანი ერთი-მეორეზე მტკივნეული აღმოჩნდა და ქალმა ინსტინქტურად თავი გააქნია მათ მოსაშორებლად. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ღამის სიცივეში ნისლისფერი ბოლი დაიკლაკნა და ხრწნა დაიწყო ცის მიმართულებით..

უკვე რამდენიმე წელია, მარტის დასაწყისში, შუაღამისას ამოდის აქ და საფლავის ქვას ისე დაყურებს, თითქოს მასზე ირეკლება მთელი მისი ცხოვრება. წლებთან ერთად დაიწურნენ განცდები და მხოლოდ ყრუ ტკივილი დარჩა მინავლულ სისხლძარღვებში.. თვალებსაც კარგა ხანია არ უგემიათ ცრემლის ტკბილ-მწარე გემო.

მაშინ, როცა კიკინებიანი დაბოდიალობდა ეზოში, ზუსტად მაშინ, როცა შემთხვევით გადაეყარა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მამაკაცს, მოხდა ის, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა (ან არ სურდა წარმოედგინა), რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ავარიაში მოყვა და აგერ წლებია მიცვალებულის სატრფოა ეს ქალი.

რა საოცარი ნიჭი უნდა გაგაჩნდეს, რომ გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ვეღარასოდეს იხილავ.. და მაინც მასთან გაუტარებელი დღეები გერჩივნოს ყველა სხვა მამაკაცის თბილ ღიმილს. ქალი მართლაც განსაკუთრებული იყო, თუნდაც თავისი უცნაურობების გამო. თუმცა ამაზე მოგვიანებით..

დიახ, საფლავებს შორის იჯდა ახლა ეს ქალი და შემცივნული თითებით ისე ფრთხილად ეწეოდა სიგარეტს, თითქოს ვიღაც შორიდან აკვირდებოდა. მართლაც, ბოლო ხანებია დასჩემდა ფიქრი, რომ უთვალთვალებენ. არადა რა ძნელი წარმოსადგენია შუაღამისას ვინმე უჩუმრად მოგყვებოდეს სასაფლაოზე და თანაც ისე, რომ ერთ სიტყვასაც არ გეუბნებოდეს. არადა, როგორ უჭერს ყელში ეს მარტოობა.. შემოსალტვია და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ნახევრადჩამწვარი სიგარეტი მოისროლა. არ იცოდა რამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს ერთგვარი რიტუალი, თუმცა უკვე აშკარად გრძნობდა, რომ სიცოცხლის ნაწილს ტოვებდა ყოველ ჯერზე, როცა აქ ამოდიოდა.. საფლავი ისრუტავდა თითქოს ამ ქალთან ვერდაცდილ ბედნიერებას.

უყვარდა ის კაცი, განსაკუთრებით იმ ღამეს, როცა მის თვალებს ცლიდა გათენებამდე.. თუმცა მათ შორის არაფერი ყოფილა, მხოლოდ ღიმილთა გაცვლა-გამოცვლა და მომავალზე ფიქრი. საბოლოო ჯამში მომავალმა თავი მოიკლა..

რამდენიმე თვე მოასწრეს ერთმანეთით არსებობა, ბოლოს კაცმა სიკვდილი არჩია, ქალს კი საკუთარი არჩევანის ტკივილი დაუტოვა.

ქალს სურდა თვალები დაეხუჭა დარდისგან, ამ მომენტში მის გვერდით ვიღაც შავსამოსიანი ჩამოჯდა.

- ღმერთო!

შეჰყვირა ქალმა და წამოხტა ადგილიდან. შავ ლაბადაში გახვეული სხეული აშკარად კაცს ეკუთვნოდა. მკრთალ განათებაზე, რომელსაც ქალის ფანარი გამოსცემდა მკვეთრი მოხაზულობის ნიკაპი ჩანდა. სულ მთლად შავებში ჩაცმული არსება არც კი იძვროდა, ქალის ყვირილზე ოდნავადაც არ შერხეულა.

- ვინ ხართ?!

იკითხა აღელვებულმა ქალმა. თითქოს სურდა გაქცევა, თუმცა ფეხები ვერ დაემორჩილებინა. რაღაც უხილავი აფეთებდა არემარეს და ქალის შიშს უკვე ინტერესის მარცვლები შერეოდა. ვინ უნდა დაძრწოდეს შუაღამისას საფლავებს შორის შავლაბადიანი? ნუთუ სიკვდილმა მოაკითხა ამდენხნიანი თხოვნის შემდეგ?

ქალი არეული ჩანდა.. აზრები ერთმანეთში ერეოდა, როცა მან ამოხედა.

მის წინ კაცის ფერმკრთალი სახე მოჩანდა, განათების გამო ჭირდა ნაკვთების გარჩევა, თუმცა აშკარად ცოცხალ ადამიანს ჰგავდა. ქალმა შვებით ამოისუნთქა, თუმცა დაჯდომა არც უფიქრია.

- ნუ შეშინდებით, აქ ჩვენს გარდა მარადიული სტუმარი – სიკვდილი დათარეშობს..

ქალს არაადეკვატური ღიმილი მოერია, რას ნიშნავდა ეს სიტყვები? ცინიზმი თუ უბრალოდ შეშლილის ნაბოდვარი?

- ამ შუაღამისას აქ რას აკეთებთ?

შეეცადა მკაცრი ტონი ჰქონოდა, თუმცა ისევ უკანკალებდა ხელები და ეშმაკმა უწყის სიცივისგან თუ შიშისგან…

- სულაც არ ვარ შეშლილი, როგორც თქვენ გგონიათ, მაგ ლოგიკით თქვენც ჩემნაირი გიჟი გამოდიხართ.

უთხრა კაცმა მსუბუქი წყენით და მზერა მოარიდა ქალს.

- დაჯექით, ნუ გეშინიათ..

დააყოლა სასხვათაშორისოდ.

კაცს მშვიდი ხმა ჰქონდა, თუმცა რაღაც საოცრად არაამქვეყნიურ ტონებში გადაწყვეტილიყო მისი ბგერები.. მომნუსხველი ძალა გამოსჭვიოდა მისი, ერთი შეხედვით, უბრალო სამოსიდან. ქალს თითქოს ძალა წართმეოდა, ვეღარ იკავებდა წონასწორობას და რომ არ წაქცეულიყო იქვე ჩამოჯდა.

- ვინ ბრძანდებით?

მაინც განარძობდა ქალი ძიებას, თუმცა თავადაც სივრცეში იყურებოდა უკვე.

- დარწმუნებული ხართ, რომ ეს ისაა, რისი ცოდნაც გჭირდებათ?

უთხრა კაცმა და ღიმილი შეაგება ქალის შეცბუნებულ სახეს. ახლოდან უკეთ ჩანდა მისი ნაკვთები, სწორი ცხვირი და ფართო თვალები..

- დარწმუნებული მხოლოდ ღმერთის არსებობაში ვარ.

- მომიტევეთ, მაგრამ ზუსტად მაგაში უნდა გეპარებოდეთ ეჭვი.

ჩაიცინა კაცმა და თავი დახარა. თავზე წამოფარებული კაპიუშონი მთლიანად უფარავდა სახეს.

- რა თქმა უნდა, როგორ აქამდე ვერ მივხვდი, თქვენ რომელიმე სექტის წარმომადგენელი ხართ.

ამრეზით წარმოთქვა ქალმა და ადგილიდან ამაყად წამოიჭრა. ფანარს ხელი დასტაცა და წასვლა დააპირა, რომ კაცმა უთხრა.

- აბა, მითხარით, თუკი ღმერთი არსებობს მართლა, მაშინ რატომ იტანჯებით ამდენი ხანი და მარადიული სიყვარულით გატაცებული ყოველ წელს ამოდიხათ ამ კაცის საფლავთან?

ქალი ადგილზე გაშეშდა, თუმცა მალევე მოეგო გონს.

- ეს ერთგვარი გამოცდაა! ჩვენ უნდა დავიმსახუროთ სამოთხე..

- ნუ გამაცინებთ, განა თქვენ არ იყავით, მთელ ქვეყნიერებასა და ედემის ბაღს რომ გერჩივნათ მასთან ყოფნა? ამ დროს კი სამოთხის გამო უნდა ატაროთ ამხელა ტკივილი, რომელსაც უმისობა ჰქვია. თქვენი სიყვარულით თუ ვიმსჯელებთ, თავად არასოდეს აირჩევდით ამგვარ გამოცდას მისი სიცოცხლის ხარჯზე. გამოდის არჩევანი ჩვენზე კი არა, თავად მასზე ყოფილა დამოკიდებული. ხედავთ? თქვენ ისიც კი არ იცით წესიერად რისი გწამთ.

კაციც წამოდგა და ქალს თბილად გაუღიმა. თუმცა იყო ამ სითბოში რაღაც გამყინავი…

-  თუმცა ის მართლა არსებობს…

დააყოლა იქვე კაცმა და ამოიოხრა.

შიშმა გაახელა ქალი და ის უკანმოუხედავად გაიქცა, ისე თითქოს უკან მისი სიკვდილი იდგა. მირბოდა მთელი ძალით, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ არავინ მოსდევდა…

სახლში მისულმა ვერაფრით დაიძინა, ღერს-ღერზე ეწეოდა და გათენებამდე  ჭიქა ვისკის დალევაც მოასწრო. სასმლისგან ავად უბრიალებდა თვალები და შიში თითქოს გაწოვილიყო დიდი ხნის წინ.

უჯრიდან ფოტო-ალბომი გადმოიღო და ერთხანს თავის ბავშვობას ფურცლავდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა ადამიანს, რომ რაღაცის გადაწყვეტას ცდილობდა.

უეცრად წამოდგა, სარკესთან მივიდა და კარგა ხანს გაშტერებით უყურებდა თავის ორეულს. შემდეგ თმა გაიშალა და მხრებზე დაეფინა ტალღები… ზოგჯერ ეჩევენებოდა, რომ სარკის მიღმა არსებული ქალი მას დასცინოდა, ისე, შეპარვით, მხოლოდ ტუჩის კუთხეებით.. თვალებში უსუსური დარდი ილექებოდა ამ დროს და მას ეგონა, რომ დრო არ არსებობდა, ის მხოლოდ მონაგონი იყო, რათა ტკივილი გაეყუჩებინათ და.. რა გამოდის? დრო მართავდა ტკივილს და ის, რომ არა დრო არ იარსებებდა. ღმერთმა ტკივილი შეგვიქმნა, რათა გვეარსება. დრო მხოლოდ ამპლიტუდაა.

სარკეს ხელისგული მიადო, თითქოს ემშვიდობებოდა ქალს, რომელიც მის მიღმა ცხოვრობდა..

შემდეგ სამოსი გაიხადა და სრულებით შიშველი დაწვა ლოგინში.

გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა შეუძლია ცოტა ხნით სიზმრების დევნა დაიწყოს..

განთიადი მთელი სხეულით გაწოლილიყო ზეცაზე..

ამჯერად არც უფიქრია ფანრის წაღება, უფრო თამამი იყო, ვიდრე ოდესმე. ასე ეგონა, რომ სტუმარი იყო ამ შავ-ბნელი სამყოფელის, სადაც მასპინძელი ელოდა გულმოდგინედ. მართლაც, დარწმუნებული იყო ქალი, რომ შავლაბადიანი სადღაც აქვე იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავქუდმოგლეჯილი გაექცა, იგი მაინც იგრძნობდა მის მოსვლას და ეახლებოდა ისევე, როგორც გუშინ. არც შემცდარა…

მის საფლავთან იჯდა ისევე, თითქოს გუშინდელს მერეა აქ ელოდა ქალს… სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა ქალი და ხმადაბლა უთხრა.

- მოვედი..

კაცს კვლავ არ უჩანდა სახე, თუმცა ქალმა თითქოს იგრძნო, როგორ შეერხა ღიმილისგან ტუჩის კუთხეები.

- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.

თქვა მან და წამოდგა. მთვარის შუქი მისი სახის მხოლოდ ნაწილს სწვდებოდა და უჩვეულოდ ასხივებდა.

რა იყო ეს საქციელი, თუ არა სიგიჟე და ცდუნება? დიახ, ამ ქალმა იგრძნო, რომ ვერაფრით გაუძლებდა ასეთ ყოფას და თავის პირველივე სურვილს აჰყვა. ახლა ამ კაცის წინაშე იდგა და აღელვებისგან მოსწურვოდა მხრები.

- ჩვენი ყველა ქმედება ილექება ჩვენსავე განცდებში და გრძნობა ეს არაფერია, თუ არა ჩვენს მიერ გაკეთებულ საქციელთა ჯამი. უმოქმედობა კი არარსებობის ტოლია. ის, რასაც ახლა განიცდი მხოლოდ შედეგია შენი გრძნობების… ამიტომაც ხდება ხშირად სიყვარულის გაცვეთა, დარწმუნებული იყავი, რომ თავად რომეო და ჯულიეტაც კი დაშორდებოდა ერთმანეთს სიკვდილს რომ ეცლია მათთვის.

აქ უხეიროდ გაიკრიჭა კაცმა და განაგრძო მალევე.

- სიკვდილი თავისი მობრძანებით მარადიულობას ტოვებს, რადგან თავად სიცოცხლეს ითვისებს. გესმის? შეუძლებელია სიცოცხლემ და უკვდავებამ ერთად იარსებოს, ამიტომაც მათი გაცვლა ხდება და გრძნობა, ისევე, როგორც ადამიანები, იმსახურებს იყოს მარადიული. ეს იყო მთელი ფილოსოფია, რასაც შექსპირი ასე შელამაზებულად გადმოსცემდა.. არ დაიჯერო, თითქოს სიყვარული ეს დამოუკიდებელი გრძნობაა, ის მხოლოდ სიცოცხლის თანმდევია და ამასთანავე მასავით მყიფეა..

ქალი გაოცებული შეყურებდა ამ უცნაურ მამაკაცს. მისი მსჯელობა ნისლს ფანტავდა, რომელშიც ამდენი ხანი ცხოვრობდა.

იქვე ჩამოჯდა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის. კაცს წარბიც არ შეუხრია ისე განაგრძო.

- არ გინდა ეს სენტიმენტები, რომლებიც აშკარად გიშლის ხელს რეალობის აღქმაში. გრძნობა ან იმარხება ან კი თოვლივით ქრება. რატომ მაინცდამაინც თოვლი? იგი კვალსაც კი არ ტოვებს…

ქალს უნდოდა უამრავი კითხვა დაესვა, თუმცა ვერ მოახერხა ხმის ამოღება, ვერ გადაეწყვიტა რომლის დასმა ჯობდა ამ სიტუაციაში. ბოლოს უნებურად დაარღვია წამით ჩამოვადნილი დუმილი.

- ნუთუ არასოდეს გყვარებია?

კაცი ქალის სახესთან ახლოს დაიხარა და დამარცვლით უთხრა.

- მე დემონი ვარ…

ქალს არ გაკვირვებია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პასუხს არც კი ელოდა.

სასაცილოა ხანდახან ცხოვრება, როცა ყბადაღებული შემოგყურებს და მარტივად რთულ კომბინაციებს იძლევა. გადასაჭრელიც არაფერია, იყვნენ სასაფლაოზე, დემონი და ადამიანი. (და მაინც ვინ იცის, რომელი უფრო საშიშია? გაცხადებული სიავე თუ სიკეთით შენიღბული ბოროტება).

- არ მჯერა!

უთხრა მტკიცედ ქალმა და სახე მოარიდა. სიმართლე, რომ ითქვას იმდენად არადამაჯერებლად ჟღერდა მისი ნათქვამი, რომ კაცს სიცილი აუტყდა. მეხის გავარდნასავით ისმოდა მისი ხარხარი სიკვდილისფერ მდუმარებაში.

- გინდა თქვა, რომ მე ამ ყველაფერს ვიგონებ?

ჰკითხა მან და ხელები მაღლა აღაპყრო.

- მინდა გითხრა, რომ თუ ღმერთმა ცხოვრება მოიგონა, არაფერია იმაში გასაოცარი, რომ ადამიანმა ნიღბები მოუგონოს საკუთარ თავს.

- და რისთვის? რა საჭიროა ისინი?

- რათა უფლისგან ბოძებული ცხოვრებისგან დავიცვათ თავი.

ქალს სითამამე ემატებოდა და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო. ღმერთმანი, როგორ შეიძლება გეშინოდეს არსების, რომელსაც თავი დემონი ჰგონია მაშინ, როცა თავად ხარ მარტოსული შეშლილი.

- იცი შეშლილები რატომ სჩადიან მკვლელობებს?

უცებ ჰკითხა ქალმა. კაცი ჩუმად იყო.

- მათ სურთ საკუთარ თავს დაუმტკიცონ, რომ სიცოცხლე დროებითია და მათაც ექნებათ შვება სიკვდილის სახით.

- შენ.. შენ რას ელოდები სიკვდილისგან?

- თავიდან დაბადებას…

ქალმა ნება-ნება გამოუშვა ბოლი და ნისლისფერი ნარჩენები კაცის ნაკვთებს მიელეწა..

- ნუთუ არ გეშინია ჩემი?

- რისი უნდა მეშინოდეს? იმის, რომ მომკლავ? ხომ გითხარი, ეს ჩემი დაბადება იქნება და თუკი, თვითმკვლელობის ცოდვას ამაცილებ თავიდან ამაზე უკეთესს რას გააკეთებ.

დამცინავი კილო გაკრთა ქალის ხმაში.

რარიგ შვენოდა მის წყვდიადისფერ თვალებს სითამამე…

- იცი, შენ შეიძლება მართლაც ხარ დემონი, მაგრამ შენ არ იცი, როგორ შეიშალო..

ვეღარ ჩერდებოდა ქალი. მის გამოწვევას ცდილობდა. ფეხი-ფეხზე გადაიდო და მსუბუქად გადაიხარა ქალი მისკენ. ღიმილი დაიდღაბნა კაცის ტუჩებზე..

ქალი მის ტუჩებს შეეხო მსუბუქად და ამოისუნთქა..

- მე მინდა სიცოცხლე გშთაბერო, რათა შემდგომ შენ მაჩუქო სიკვდილი..

ჩურჩულებდა ისე, რომ მის ტუჩებს არ აშორებდა შეხებას..

უეცრად კაცმა მსუბუქად ხელი კრა ქალის თბილ სხეულს.

- შენ ნასვამი ხარ, აი, თურმე რატომ მეუბნები ამ სისულელეებს..

ქალს გაეცინა, წამოდგა და კაცის შავლაბადიან სხეულს ჩაეხუტა.

- მე შეგშლი…

კაცმა თმაში ძლიერად მოჰკიდა ხელი და თავი უკან გადაუხარა. ქალის თვალებზე ირეკლებოდა მთელი სამყაროს ქაოსი.. დაძრწოდა ერთი განცდა მეორეში და აღრეულნი თვალის ფსკერზე განაგრძობდნენ სატანურ კრთომას..

- გათენებამდე რამდენიმე ამოსუნთქვაა, არჩევანი კი, ცხოვრებაში პირველად, შენზეა.

კაცი შეუვალი ჩანდა.

- სწორედ ამიტომაც ითვლება თვითმკვლელობა ყველაზე დიდ ცოდვად, რადგან ამ ერთადერთ შემთხვევაში თავად ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და არა ღმერთი. მე ყველაფერი დავკარგე… ის ერთადერთიც კი, რისიც მწამდა..

ქალს თვალებში სუსხი ჩაუდგა. ამდენწლიანი ტყუილის შემდეგ მას აღარ ჰქონდა ძალა ეძია ჭეშმარიტება. იდგა ქალური სისუსტეებით სავსე და კაცის სხეულს ეკვროდა.

..და რა ჯანდაბა მნიშვნელობა აქვს ეს არსება ადამიანი იყო თუ დემონი?! იგი ზუსტად ჩასწვდა მის ტკივილებს, გაუყუჩა წამით ისინი და წამი კი დროის ყველაზე დიდი უსასრულობაა.

თავად დრო უბრალოდ და ძალიან მარტივად არ არსებობს…

- მე მაშინაც შენთან ერთად ვიყავი, როცა შეშლილი მირბოდი ცარიელ ტრასაზე, რათა ის ადგილი გენახა, სადაც შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაიღუპა… მე სულ შენთან ვიყავი, როცა გტკიოდა.

- გამოდის; უნდა მეტკინოს, რათა გიგრძნო?

- გამოდის, რომ მე შენი ყველაზე ნამდვილი მხარე ვარ და შენი შეშლილობა სხვა არაფერია თუ არა ჩემგან თავდასაცავი საშუალება.

ქალმა თვალები მოარიდა და უფრო ძლიერ ჩაეხუტა.

- არ მინდა შენგან დამალვა… შენ მე მარადიულობას მაჩუქებ..

ცა უფერულდებოდა მათ თავზე..

- შენ კიდევ ერთი არჩევანი გაქვს..

ბოლო მომენტში უთხრა კაცმა და ქალის თვალებს დაუწყო ძებნა.

ქალმა მდუმარედ შეაგება მშვიდი მზერა.

- შეგიძლია მომკლა და უარი თქმა ამით მარადიულობაზე.

- ეგ როგორ? მე როგორ მოგკლავ?

- მე შენში ვარ.. შენი დემონი ვარ, რომელსაც თავად ასაზრდოებ ტკივილებით და თუ შენ მე მომკლავ, მაშინ გაქრება შეშლილობაც, რომელიც ჩემგან გიცავს…

- და რა დამრჩება?

- ცხოვრება, რომელსაც სხვა განაგებს და შენ არასოდეს გექნება არჩევანის საშუალება…

ქალი ჩაფიქრდა. განდევნილი თავისუფლება თუ მორჩილი ბედნიერება?

წუთით სურვილმა დაუარა, რომ მთლიანად შთანთქმულიყო სიბნელის უკანასკნელ ნაგლეჯში თავის დემონთან ერთად…

- მე რომ შემეძლოს მიყვარდე ამ სამყაროში ისე, როგორც სიკვდილის შემდგომ უყვართ, მაშინ მე უშენობას ავირჩევდი, რადგან ეს იქნებოდა დასტური, რომ მყვარებოდი სამარადჟამოდ (მე ხომ ზუსტად ტკივილებით შემიძლია გგრძნობდე).. თუმცა ახლა მე შენს არსებას ვირჩევ, რადგან მარადიული გრძნობა მხოლოდ იმ სიკვდილს მოჰყვება, რომელსაც მაზიარებ…

და  განსაკუთრებულ ქალს მოეჩვენა, რომ სადღაც ზეცამ სისხლისფრად შეღება გათენება…

 

 

სისხამ დილით საფლავზე ქალის გვამი იპოვა მესაფლავემ…

 

 

 

ყველას გვყავს ჩვენი დემონი, თუმცა მასთან შესახვედრად როდი გვყოფნის ყველას გამბედაობა…

სწორედ ამაშია ცდუნების ხელოვნებაც..

 

ნანახია: 612 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

Block title


Copyright MyCorp © 2025