საიტის მენიუ |
|
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
| |
|
სტატისტიკა |
| |
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
|
მდგომარეობა: ახალი ჩონგური chonguri•ტიპი: ხალხური •სიმები: 4 არის თავიდან ბოლომდე თუთის, რომლის მხარეც მზისკენაა იმ ნაწილისაგან გაკეთებული ჩონგური, რომელიც არის ახალიი (უხმარი). აქცს შესაბამისად შესანიშნავი ჟღერადობა. ამ ფასად შესანიშნავი არჩევანია მისი შეძენა.
| 598409002 | მფლობელი : ladiladi251
|
რეკლამა |
გადასვლები: 260
| დაამატა: მუსიკალური ინსტრუმენტები / სიმიანი
| თარიღი: 2013-06-02
|
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს? საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანის თვალმა ბუნებაში შეიძლება გაარჩიოს 300 ფერის ტონალობა. მხატვარი კი ამ ფერებს გაათმაგებულად აღიქვამს. მე-20 საუკუნის მიწურულს ამერიკელებმა გამოსცეს "ფერთა ატლასი,” სადაც 7000 ფერია აღნიშნული, აქედან 4000-ს აქვს სახელი, ხოლო დანარჩენი ნომრებით არის აღნიშნული. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს უამრავი ფერი, რომელებიც ხიბლს აძლევენ ჩვენს სამყაროს, სულ რამოდენიმე ფერისაგან გამომდინარეობენ. ეს არის სამი ძირითადი ფერი: ყვითელი, ლურჯი და წითელი. ხოლო თეთრი და შავი არის აბსოლუტური სინათლე და აბსოლუტური სიბნელე, რომლებიც ამ ფერებს ანიჭებენ მუქ და ღია ტონალობებს (სინათლესა და სიბნელეს). ფერი როგორც საგანი არ არსებობს. იგი საგნის თვისებაა. ეს არ ეხება ცას და ცისარტყელას _ ზუსტად ცისარტყელას ფერებიდან გამოჰყვეს მხატვრებმა 3 ძირითადი ფერი და ამ სპექტრის ფერებიდან დაასახელეს ცივი და თბილი ფერებიც. თბილია ის ფერები, რომლებიც მზეს უკავშირდება (ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი...), ხოლო ის ფერები, რომლებიც უკავშირდება თოვლს, არის ცივი (ლურჯი, იისფერი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი...). თბილი ფერი არის აქტივობის, ცხოველმყოფელობის, ხოლო ცივი დაკავშირებულია პასიურობასა და სიმშვიდესთან. განსხვავებული ფერები ადამიანში სხვადასხვა ემოციებს იწვევს. საკმარისია ზუსტად გავეცნოთ ფერთა ხასიათს და ჩვენთვის ნათელი გახდება მრავალი მხატვრის შედევრის ჩანაფიქრი. გოეთე ამბობდა: "ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო...” იგი ფიქრობდა, რომ თეთრ ფერში ყველა ფერი იბადება, ხოლო შავში _ კვდება.
თეთრი _ აბსოლუტური სინათლის ფერია, ამიტომაც უმანკოების, ჭეშმარიტების, უბიწოების და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ. სახარებაში თეთრი სისპეტაკის ფერადაა წარმოდგენილი, სადაც სიმბოლურად ღვთაებრივი ნათებაა გამოსახული. სითეთრისაკენ განსაკუთრებული ლტოლვა ადამიანის პასიურობით აიხსნება. თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი არის გულწრფელი, გაწონასწორებული, კეთილი და მორჩილი. ეს ფერი მხატვრობაში ყველაზე ცივ ფერად არის აღიარებული. სიმართლის და სიწმინდის ფერი ამშვიდებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომაც საოპერაციო ბლოკები სწორედ ამ ფერშია შეღებლი. აზიურ ქვეყნებში თეთრი გლოვის სიმბოლური ფერია.
წითელი ფერი ყველაზე ძლიერი ფერია. ის ენერგიის, სიცოცხლის, სიყვარულისა და ვნების, მოძრაობისა და აგრესიის ფერია. ამ ფერის მოყვარული ადამიანი არის მოუსვენარი, ენერგიული, სავსე ახალ-ახალი იდეებით. წითელი ფერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გვაძლევს ფიზიკურ ძალას და ენერგიას, გვგვრის მადას. იგი მტკიცე ხასიათისაა. აზიაში ამ ფერს პატივს სცემენ, იგი სიყვარულის, ბარაქისა და მრავალშვილიანიობის სიმბოლოა. ნარინჯისფერი_ საკმარისია წითელს ცოტა ყვითელი ფერი გავურიოთ და ამ აგრესიულ ფერს მაშინვე ხალისი და მხიარულება ემატება, ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი უმალ მოგიზგიზე ალად გადაიქცევა. ნარინჯისფერი თავდაჯერებულია, შეუდრეკელი. მასთან ყოველთვის ხალისობ. საკმარისია მოიწყინო ან დაიღალო, იგი წამში აღგიდგენთ სასიცოცხლო ძალებს. იგი თბილი მზის ფერია. რაც უფრო მეტ ყვითელ ფერს შევურევთ, მით უფრო ინტელექტუალური ხდება, გულწრფელი, მხიარული და თბილი. მაგრამ გადამეტებული ფერი თავს გვტკენს, გვღალატობს. ევროპელებისათვის ყველაზე საყვარელი ფერი, მზისა და სითბოს სიმბოლო, უკავშირდება ინტელექტსა და აზროვნების განვითარებას. ჩვენთვის ასეთი საყვრელი ფერი აფრიკელებს სძულთ, რადგან მათთვის ეს ფერი ავადმყოფობასთან, კარანტინთან და საშიშროებასთან ასოცირდება.
წვანე ფერი დედამიწას ყვითელმა და ლურჯმა აჩუქა. ეს არის გაზაფხულის, აღმოცენებისა და განახლების ფერი (მარად მწვანე, უკვდავების ფერი). მწვანე ფარი ადამიანს იმედს აძლევს. იგი ასევე აღიქმევა მისტიკურ ფერად, რომელიც ბუნებრივ და ზებუნებრივს აკავშირებს. მხატვარ კანდინსკის სიტყვებით, ეს არის აბსოლუტური სიმშვიდის ფერი. ("მოლზე მჯდომი მცოხნავი ძროხა”...) ის ცოტათი ეგოისტური ფერიცაა.
ლურჯი. რაც უფრო უძიროა ფერი, მით უფრო უხმობს ადამიანს უსასრულობისკენ. ეს არის ტიპიური ზეციური ფერი, გამუქებისას არაადამიანური ნაღვლის ფერს იძენს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სიმბოლიკა არის უსასრულობა, მარადიულობა, ჭეშმარიტება, ერთგულება და რწმენა. იგი ყველაზე მშვიდია და ყველაზე ნაკლებად "მატერიალურია”. ეს რომანტიული ფერი ხსნის ემოციურ დაღლილობას. ცისფერი აორმაგებს ლურჯის ძალებს _ ხსნის ნერვიულობას. იგი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ფერია.
იისფერი _ ეს არის წითელისა (ცხელ-აქტივობისა) და ლურჯი (ცივი-პესიმისტური) ფერების შერწყმა. ლურჯი წითელს ზომიერებისაკენ და სულიერებისაკენ მიუთითებს. იისფერი არის ინტუიციის, სიმშვიდის ფერი, იგი ზრდის გონების განვითარებას და დინამიურობას. ასევე ზრდის ადამიანში პატივისცემის გრძნობას. იგი ლურჯისა და წითელის ჰარმონიული სიმბოლოა.
ყავისფერი, ეს არის სამი ძირითადი ფერის ნაზავი _ ანუ როგორც მხატვრები უწოდებენ, "ტალახის” ფერი, სიღარიბის, თავმდაბლობის სიმბოლო, სიმშვიდისა და სიწყნარის. იგი ადამიანს აძლევს საკუთარი თავის რწმენას და იმედს (უკომფლიქტო სტატიური მდგომარეობა).
შავი ფერი ეს არის მისტიკური, შეუცნობელი (შინაგანი სამყაროსა და სიმკაცრის სიმბოლო). იგი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მწუხარების, სიკვდილის, სიბნელის, უმეცრების, ბოროტებისა და სიმდაბლის ნიშანია; ნეგატიური ძალის უნივერსალური სიმბოლო. შავი იყო ყველაფერი, რაც ადამიანს სძულდა და აშინებდა. სამგლოვიარო სიმბოლიკა ჩვენში წარმართული დროიდან მოდის. ძველად ფიქრობდნენ, რომ გარდაცვლილის სული ლამობდა ახლობლებიდან თანამგზავრად ვინმე წაეყვანა. შავ საბურავში კი ვეღარ ამოიცნობდნენ სასურველ თანამგზავრს. ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროში შავი მიწიერი ვნებისაგან განდგომას ნიშნავს, მწუხარებას და სიმშვიდეს, იდუმალებას. მიუხედავად ამდენი სიბნელისა, შავი ბევრისთვის პატივსაცემი ფერია. როგორც მხატვრები ამბობენ, შავი არის მისტიკური, შეუცნობელი, იდუმალების ფერი. ეს არის სიმკაცრის სიმბოლო. ამ ფერის მოყვარული ადამიანი პროტესტს უცხადებს თავის ბედისწერას. შავი ფერი ყველა ფერს იზიდავს და შთანთქავს. ეს ფერები მასში იკარგებიან, რათა შემდეგ, როგორც ეგვიპტის ღვთაება მინა, ისევ აღმოცენდეს. შავი ხომ მისი სიმბოლური ფერია.
ვარდისფერი _ არის წითელი ენერგია დამცხრალი და განეიტრალებული თეთრი ფერის სიმშვიდით. იგი ქალური საწყისია, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, სიკეთე და ზედმეტი მგრძნობიარობა.
მალინის ფერი _ სიყვარული, სინაზე, მისწრაფება, ინტიმურობა და არაკეთილსინდისიერება.
ზურმუხტის ფერი _ კეთილდღეობა, სოლიდარობა, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა და წესრიგი.
ოქროსფერი _ მას საწინააგმდეგო ფერი არა აქვს. იგი ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოა. ამიტომ უხატავენ წმინდანებს ოქროსფერ შარავანდედს, შეუცნობლის, ღვთიური სამყაროს სიმბოლო.
ფირუზის ფერი _ განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა.
ნაცრისფერი _ ჩრდილი, სტაბილურობა, რეალიზმი, გაორება, დარდი და მოწყენილობა.
|
ყველას სურს იცხოვროს ლამაზ და კომფორტულ სახლში და ამასთანავე არ გაკოტრდეს მისი მოწყობით. პატარა ფართის ბინის რეკონსტრუქცია _ ეს დიდი პრობლემაა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად, შეიძლება თქვენი ბინა უფრო მოხერხებული და ვრცელი გახადოთ. ამისათვის პერლას დიზაინერი მოგცემთ რამოდენიმე გამოსადეგ რჩევას.
უნდა მოახდინოთ საცხოვრებელი ფართის ორგანიზება და შეეცადოთ გაზარდოთ გამოსადეგი ფართი.
• დავიწყოთ ყველაზე პატარა ზონით. ესაა სააბაზანო და საპირფარეშო. მათი გაერთიანებით მეტ სივრცეს მიიღებთ. ცოტაც შეგიძლიათ კორიდორის ხარჯზე მიუმატოთ.
• შესაძლებელია თქვენი ბინის გადაკეთება ეგრეთწოდებულ "სტუდიად”, ასეთ ვარიანტში სამზარეულო გაერთიანებული იქნება მეზობელ ოთახთან და კორიდორთან. ამ შემთხვევაში სასარგებლო ფართიც საგრძნობლად გაიზრდება და შედეგად ერთიანი ვრცელი სივრცე შეიქმნება.
• არ არის რეკომენდირებული სველი წერტილების სხვა ადგილზე გადატანა. არ შეიძლება ის გადაიტანოთ თქვენი მეზობლის საცხოვრებელი ოთახის თავზე. ეს ადრე თუ გვიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით.
• რაც შეეხება საძინებელ ოთახს, კარგი იქნება თუ ჯერ შეიძენთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელს, მაგალითად საწოლს და შემდეგ მასზე ორიენტირდებით. შეუძინეთ მას ორი შესაფერისი პატარა ზომის ტუმბო. ოთახში დარჩენილ თავისუფალ ადგილას მიაშენეთ შესაფერისი ფორმისა და ზომის კარადა და სარკისათვის თუ ადგილი აღარ დაგრჩებათ, შეგიძლიათ კარადას სარკიანი კარები გაუკეთოთ და ამით დაკმაყოფილდეთ.
• ვიზუალური ზომების ოპტიკურად გადიდება ან შემცირება ფერებითაც შეიძლება. მაგალითად ღია ცისფერ ტონალობაში შეღებილი ოთახი, უფრო დიდი მოცულობის ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. და პირიქით, წითელ, ან ინტენსიურ ნარინჯისფერში შეღებილი კედლები, ოპტიკურად უფრო მცირე ზომისას აჩენს ოთახს.
• აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ პატარა ფართის ბინაში კედლები უნდა შეიღებოს ძალიან გაზავებული, ღია ფერებით (მონაცრისფრო-მოცისფრო, მონაცრისფრო-მომწვანო, კრემისფერი...).
• ფერები ოპტიკურად ასევე მოქმედებენ ჭერის სიმაღლეზეც. ის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს, კედლები და ჭერი ერთ ფერში უნდა შეიღებოს. უმეტესად ჭერს თეთრად ღებავენ. მაგრამ ოთახი უფრო მყუდრო რომ გახდეს, ჭერი შეიძლება შეიღებოს ღია ნაცრისფერ ან მოყვითალო (ბეჟი) ფერში.
• ასევე მნიშვნელობა აქვს ორნამენტებსაც. შპალერის არჩევის დროს. ვერტიკალური ზოლები ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ჰორიზონტალური კი კედლებს უფრო განიერს აჩენს. დიდი ზომის ორნამენტები ოპტიკურად ამცირებს ოთახის მოცულობას. ამიტომ რაც შეიძლება პატარა ზომის ორნამენტებიანი შპალერი უნდა გამოიყენოთ, რის ხარჯზეც მოახერხებთ ფართის ვიზუალურად გაზრდას.
• ოპტიკურად ფართის გაზრდის ყველაზე საუკეთესო ხერხია სარკის გამოყენება თქვენს ინტერიერში. თუ დიდი ზომის სარკეს პირდაპირ, ჩარჩოს გარეშე მიამაგრებთ კედელზე, ის თქვენს ოთახს ორმაგად დიდს გამოაჩენს. |
გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი სამზარეუოს დიზაინი, ან შეიტანოთ მასში ახალი დეტალი? გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და ძნელი დასაძლევია, თუ არა გაქვთ საკმარისი შთაგონება. შთაგონება, კარგად არჩეული სტილი და თანამედროვე სამშენებლო მასალები, თქვენს სამზარეულოს განუმეორებელ შემოქმედებით ნიმუშად გადააქცევენ. მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, ვეცდებით ცოტათი დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ რამოდენიმე საჭირო წესი სამზარეულოს დიზაინისათვის: - შთაგონება. იპოვეთ ის ძირითადი დეტალი, რომელიც თქვენ აღგაფრთოვანებთ და რომლის გარშემოც მოახდენთ სამზარეულოს სხვა დანარჩენი ელემენტების განთავსებას და შეხამებას. არა აქვს მნიშვნელობა ეს რა იქნება, საინტერესო სანათი თუ ავეჯი. მთავარია, რომ ეს იყოს ბაზა მუშაობის დაწყებისათვის.
- ფერების არჩევა. ამ საკითხში თქვენი ფანტაზია შეუზღუდავია. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური, ისე კაშკაშა, ავანგარდული ფერთა პალიტრა. მთავარია, სწორად იყოს მოფიქრებული მათი შეხამება. სამზარეულოს კედლები ჰარმონიაში უნდა იყოს ავეჯთან და მის მოწყობილობებთან. ჭერი ისეთი უნდა იყოს, რომ ვიზუალურად გაადიდოს მოცულობა, ხოლო იატაკმა უნდა შემოიტანოს სითბოსა და მყუდროების შეგრძნება.
- მასალაბის არჩევა. ამ საკითხშიც ძალიან დიდი არჩევენი გაქვთ. თქვენს განკარგულებაშია საღებავები, პლასტიკატები, მეტლახი, სპეციალური შპალერი, მოსაპირკეთებელი ქვა, ხის მასალები... მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მასალების ვიზუალური მხარე შეთანხმებუილი იყოს იმ ფიზიკურ და სპეციფიკურ ფაქტორებთან, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს. ეს არის წყალი, ცხიმები, მარილები, მაღალი ტემპერატურა, ორთქლი და ა.შ.
- სტილის არჩევა. არ შეგეშინდეთ ერთმანეთს შეურიოთ სხვადასხვა სტილი, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელშიც შეიძლება ჩართული იყოს პლასტმასი და ხე, კლასიკა და ჰაიტეკი, ქრომი და მინა და ა.შ. სანამ ეს ყველეფერი თქვენს თვალს არ გაახარებს.
- მოხერხებულობა. ესთეტიკის დამუშავების დროს არ დაივიწყოთ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აუცილებელია სამზარეულოსათვის. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სამზარეულოს ფუნქციონალურობა. მაქსიმალურად გამოიყენეთ არსებული მოცულობა, სამუშაო ადგილები დაჰყავით ზონებად, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი სამზარეულოს ტექნიკით და მოწყობილობებით.
- სამზარეულოს კომფორტულობისათვის. იყავით მართალი საკუთარი თავის წინაშე და აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. მთელი მოცულობა, რომელსაც იყენებთ საჭმლის მოსამზადებლად, უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი. ნუ გადატვირთავთ მას იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტებით და მოწყობილობებით და ნახავთ რამდენად მოხერხებული გახდება სამზარეულოში საქმიანობა. პერიოდულად, თვეში ერთხელ შეამოწმეთ თქვენი უჯრები და მაცივარი რომ გაანთავისუფლოთ უსარგებლო ნივთებისა და დავიწყებული პროდუქტების ნარჩენებისაგან. პროდუქტების შესახნახად გამოიყენეთ კონტეინერები, ისინი ადგილის დიდ ეკონომიას იძლევიან როგორც გარდერობში, ასევე მაცივარში. ყველა საგანს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი სამზარეულოში და უნდა შეეცადოთ ისინი განალაგოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირად იყენებთ მათ.
|
შეუძლებელია წარმოვიდგინოთ საფრანგეთის დედაქალაქი _ პარიზი ეიფელის კოშკის ელეგანტური სილუეტის გარეშე. კოშკს ეს სახელწოდება დაერქვა მისი არქიტექტორის, ინჟინერის _ გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. დღესდღეობით ის ითვლება ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაგებობად, რომელიც 1989 წელს საზეიმოდ გახსნის დღიდან მოინახულა 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა. 1887 წლის იანვარში პირველად დაარტყეს წერაქვი შან-დე-მარსის ტერიტორიაზე. გუსტავ ეიფელი ვარაუდობდა, რომ საძირკველის ამოღების დროს ქვიშის ფენამდე წყალი შეხვდებოდათ, რადგან კოშკის მშენებლობა მდინარე სენასთან ახლოს იყო დაგეგმილი. მისი აზრით წარმოიქმნებოდა ხრეშის მასა, რაც შესაფერისი ბალასტი იქნებოდა კოშკის ფუნდამენტისათვის. როდესაც იმ დონეს მიაღწიეს, სადაც სენის წყალი ჟონავდა, წინასწარ მომზადებული მეტალის კონსტრუქციები დაამონტაჟეს. ოსტატები თავდაუზოგავად შრომობდნენ. მათ ზუსტი გრაფიკით უნდა ემოქმედათ, რომ საძირკველის ჩასხმა არ დაგვიანებოდათ. მთავარი მიზანი იყო ის, რომ მუშებს წყლის გამოჟონვის გარეშე შეძლებოდათ ორმოების ამოთხრა და შიგნით ბეტონის ჩასხმა, რაც ფუნდამენტს განამტკიცებდა. მალე კოშკის მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. გამოჩნდა პეტიცია მშენებარე კოშკის საპროტესტოდ, რომელსაც ხელს აწერდნენ მწერლები, მოპასანი, დიუმა, არქიტექტორი გარნიე და სხვები. ისმოდა მგზნებარე კრიტიკა: "ეიფელის გამოუსადეგარი და მახინჯი კოშკი", "ქარხნის საკვამური", "პარიზის სირცხვილი" და ა. შ. პეტიცია მალე "le temps"-ში დაიბეჭდა, მაგრამ კოშკის ავტორები თავს იმშვიდებდნენ, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო პარიზის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით და პროტესტს სერიოზული შედეგები არ მოჰყვებოდა. შანდე-მარსის მოსახლეობამ კოშკის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით საჩივარიც კი წარუდგინა ტრიბუნალს, მაგრამ 1887 წლის ზაფხულში მართლმსაჯულებამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან კოშკი ამ დასახლებასთან საკმაოდ მოშორებით შენდებოდა და მის მოსახლეობას ხედს არ უფუჭებდა. ამის შემდეგ კოშკის მშენებლობა აღარ შეფერხებულა. უკვე დასრულებულ ფუნდამენტზე კოშკის ფეხები დადგეს. თანდათანობით კოშკის სიმაღლემ 50 მეტრს მიაღწია. 1887 წლის დეკემბერში ბურჯების სიმაღლე ჰიდროცილინდრებით დააზუსტეს. მცირედი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური უზუსტობის შემთხვევაში ხალახლა მოუწევდათ ყველაფრის გაკეთება. რამოდენიმე კვირაში პირველი სართული უკვე მზად იყო დასაშენებლად. მშენებლობის ყველაზე რთული ეტაპი უკვე გადალახული იყო. ამ დროს ეიფელის ლევალუა-პერეს ქარხანაში ძალიან სწრაფად აწყობდნენ სხვასდასხვა მეტალის კონსტრუქციას, რომელიც შემდეგ კოშკზე მონტაჟდებოდა. ასეთი საქმის გაძღოლა დიდ ორგანიზატორულ ნიჭს მოითხოვდა. რკინის ყოველი დეტალი ჯერ ინომრებოდა და შემდეგ იგზავნებოდა მშენებლობაზე, რადგან ერთმანეთში არ არეოდათ. ციფრებით მიანიშნებდნენ თითოეული დეტალის ადგილმდებარეობას შენობაზე, რომ მუშებს სწრაფად გაერკვიათ კოშკის რომელ ნაწილში განეთავსებინათ დანომრილი კონსტრუქცია. კოშკის დათვალიერებისას. დღემდე შენიშნავთ კონსტრუქციაზე ამოტვიფრულ ნომრებს. ეიფელი მთავრობას და მუნიციპალიტეტს შეჰპირდა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში გამოფენისათვის მზად იქნებოდა კოშკი. მართლაც მისი მშენებლობის რიტმი არ შენელებულა და 1889 წლის 31 მარტს მწვერვალს მიაღწია. დარჩა მხოლოდ ბოლო ეტაპი _ უზარმაზარი ლიფტის დამონტაჟება. 6 მაისისთვის ყველაფერი მოესწრო. პრეზიდენტმა სადი კარნომ მსოფლიო გამოფენა გახსნილად გამოაცხადა. კოშკი უკვე სრულიად მზად იყო. იქაურობას ხალხის დიდი მასა მიაწყდა: ყველას სურდა კოშკის მწვერვალიდან პარიზისათვის გადმოეხედა. ძალიან მალე კოშკმა დიდი აღიარება მოიპოვა: 8 თვეში მან 2 მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა. ეიფელმა ინვესტირებული თანხა წელიწადზე ნაკლებ დროში აინაზღაურა. 1892 წლის ბოლოს ეიფელის მიმართ მადლიერება დასრულდა. მას ბრალად წაუყენეს პანამის არხის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. 1893 წელს მან თავი დააღწია მართლმსაჯულებას, თუმცა მის სახელს ჩრდილი მიადგა. კოშკი ძველებურად აღარ იზიდავდა ხალხს. 1900 წელს ახალი კონკურსი გამოცხადდა შან-დე-მარსის გასალამაზებლად. კონკურსის კანდიდატებს კოშკის დემონტაჟის უფლებაც ეძლეოდათ. ამის გამო ძალიან წუხდა ეიფელი. 1903 წელს მას მეგობარი მეცნიერები დაეხმარნენ ამ პრობლემის გადაჭრაში: სამხედროებს შესთავაზეს კოშკი გამოეყენებინათ, როგორც გიგანტური ანტენა. 1904 წლის იანვარში სამხედრო შტაბი დათანხმდა უსადენო ტელეგრაფის ტესტირებაზე. რის შემდეგაც დარწმუნდნენ, რომ კოშკისა და უსადენო ტელეგრაფის მეშვეობით ნამდვილად შეეძლოთ ყველაზე შორეულ სამხედრო ნაწილებსაც კი დაკავშირებოდნენ. მართლაც, გადაწყვიტეს, რომ კოშკი ანტენად გამოეყენებინათ და ზედ რადიო-ტელეგრაფის სადგური მოეწყოთ. 1921 წელს კოშკიდან პირველი რადიოგადაცემა გავიდა. შემდეგ, 1935 წელს პირველი ტელეგადაცემა და ამ მრავალ ფუნქციასთან ერთად დროთა განმავლობაში ეიფელის კოშკიც შეუცვლელი გახდა. დღეს აშენებიდან 122 წლის შემდეგ 700 ტონა სიმძიმის ეიფელის კოშკი პარიზის შუაგულშია გამეფებული და უმშვენიერესი პარიზის ამ საყოველთაოდ აღიარებულ სიმბოლოს ყოველთვის თავი მოაქვს მნახველთა სიმრავლით. - ეიფელის კოშკის ძირიდან წვერამდე 1665 საფეხურია. ბოლო სართულზე მოწყობილია გუსტავ ეიფელის სამუშაო ოთახის ასლი. არქიტექტორის ცვილის ფიგურა, ნახაზებსა და გეგმებს შორის ზის და ისეთი ბუნებრივი გამომეტყვეება აქვს, რომ არა წინა საუკუნის სტილის ჩაცმულობა, ნამდვილი გეგონებათ.
- ამავე სართულზე, კოშკის წვერის გარშემო, განლაგებულია მსოფლიოს დედაქალაქების დასახელება, ქვეყნის რუკითა და ამ ქალაქამდე მანძილით ეიფელის კოშკიდან. (2007 წლამდე, ეიფელზე საქართველოს ძველი შინდისფერი დროშა იყო. იმედია მას შემდეგ იზრუნეს მის შეცვლაზე.)
- დაღამებიდან დილამდე, ყოველ სრულ საათზე, ეიფელი ციმციმს იწყებს და 5 წუთი გრძელდება.
- კოშკი სულ 18 038 მეტალის ნაწილისა და 2 500 000 ჭანჭიკისაგან შედგება.
- გახსნიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ზუსტად 236 445 812 დამთვალიერებელმა მოინახულა ეიფელის კოშკი.
- გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს მსოფლიოს უმახინჯეს ნაგებობად მიიჩნევდა, კოშკზე არსებულ რესტორანში ხშირად სადილობდა და ამბობდა, ,,ეს ერთადერთის ადგილია, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანს,,.
- ,,არასოდეს მისადილია ეიფელის კოშკის რესტორანში. როცა წარმოვიდგენ რომ შეიძლება უნებლიედ დანა გადმომივარდეს..,, წერდა მარი გურიო.
|
იცვლება დრო და მასთან ერთად იცვლება გემოვნება, ცხოვრების სტილი, იდეალები. გვბეზრდება ყველაფერი ძველი და სულ უფრო მეტად გვინდება, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი უჩვეულოდ, ახლებურად და ამაღელვებლად გამოიყურებოდეს. ვცდილობთ გავიხალისოთ ცხოვრება და ჩვენს ინტერიერში შევიტანოთ თანამედროვე დიზაინი - უცნაური, რადიკალურად განსხვავებული იმისაგან, რაც აქამდე გვქონდა. როცა თანამედროვე დიზაინს ვაკვირდებით, ერთი შეხედვით თავში ამოგვიტივტივდება ლოზუნგი - "შორს სტანდარტები". თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე წესად ითვლებოდა, უარყოფილია და ახლებურად, ყოველგვარი წესების გარეშეა დაგეგმილი და შესრულებული. წარმოუდგენელი და უჩვეულოა მასალების, ფერებისა და სტილების შეხამებები. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტების დაცვას. თანამედროვე დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ სტანდარტებს, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს შეუთავსებელია. ამის მიღწევა არ არის ადვილი, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში ვიქონიებთ თანამედროვე სტილების, ფორმების, მასალების რაოდენობას (გაგიჟება შეიძლება, იმდენი რამეა ერთმანეთთან დასაკავშირებელი). თქვენ ფიქრობთ, რომ მოხერხებული და კომფოტული შეიძლება იყოს მხოლოდ მსუბუქი კლასიკა? თანამედროვე დიზაინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დიზაინი, საჭიროა იყოს მოხერხებული. ის ხომ ადამიანისთვის იქმნება. ცხოვრება ჰარმონიის გარეშე კი მხოლოდ თვითგვემაა და მეტი არაფერი. შესაბამისად ინტერიერის დიზაინერმა უნდა გადაწყვიტოს როგორი საშუალებებით შექმნას გარემო, სადაც ისეთი მასალები, როგორიცაა ლითონი და მინა, მოხერხებული და კომფორტული იქნება ადამიანის ცხოვრებისთვის.
დიახ, ჰარმონიის და კომფორტის გარეშე თანამედროვე დიზაინის წარმოდგენა შეუძლებელია. ამ დროისათვის დიზაინერების, არქიტექტორებისა და მასალათა მწარმოებლებისაგან მთელი რიგი დახვეწილი, არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა შექმნილი თანამედროვე ინტერიერისათვის.
|
საბავშვო ოთახის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან სტილის, დეკორაციებისა და მთლიანად ინტერიერის სწორად არჩევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად სრულფასოვანი ბავშვობა ექნება თქვენს პატარას. საბავშვო ოთახის ორგანიზება არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დადგათ სარწეველა საწოლი და მიმოფინოთ რბილი სათამაშოები. ყველაფერი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, ყველაზე პატარა დეტალიც კი. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს, არისუსაფრთხოება, ფუნქციონალურობა და ჰარმონია. ბავშვის ოთახი მაქსიმალურად გათვლილი უნდა იყოს განვითარებისა და დასვენებისათვის. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ სამუშაო გარემოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არამარტო ინტელექტუალური, საგანმანათლებლო თამაშები, არამედ დროის აქტიურად და სახალისოდ გასატარებელი სხვადასხვა საშუალებები. თუ თქვენ გაქვს ძალიან შეზღუდული სივრცე, უმჯობესია გამოიყენოთ ტრანსფორმერი ავეჯი: გასაშლელი საწოლი, დასაკეცი მაგიდა და ა. შ. ყველაზე მთავარი კი მაინც უსაფრთხოებაა. საბავშვო ოთახში არ შეიძლება იყოს ბასრი კიდეები, აალებადი მასალები, ასევე მყიფე და ადვილად მსხვრევადი ნივთები, რამაც შეიძლება თქვენს პატარას ზიანი მოუტანოს. მზის სინათლე ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ამიტომ ბავშვისათვის უნდა შევარჩიოთ რაც შეიძლება განათებული ოთახი. ფანჯარა, საიდანაც სინათლე შემოდის, ასევე მოითხოვს ყურადღებას. უმჯობესია დავაყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ფანჯრის კონსტრუქცია, რომელიც დაიცავს ბავშვს ქუჩიდან შემოსული ხმაურისაგან, მტვრისაგან და მწერებისაგან. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ახერხებთ უზრუნველყოთ სრულყოფილი ბუნებრივი განათება ოთახში, უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი ხელოვნური სინათლის წყარო. რომლის სპექტრიც იქნება რბილი, მსუბუქი და არაგამაღიზიანებელი. არანაირი დღის სინათლის ნათურები და ფერადი თვალისმომჭრელი სანათები. ფერი, აი კიდევ ერთი მთავარი ასპექტი. უნდა ეცადოთ, რომ ჰარმონია იყოს ყველაფერში. თუ თქვენ წითელი ფერის სარწეველა საწოლი უნდა დადგათ ბავშვისათვის, არ ღირს ამავე ფერის შპალერის გაკვრა. ერთფეროვნება ზეწოლას ახდენს ადამიანზე და ქმნის ცუდ განწყობას. ამ შემთხვევაში სჯობს აირჩიოთ უფრო ნათელი ფონი კედლისათვის. ნახატები და შპალერის ფონი, უმჯობესია იყოს ნეიტრალური და მშვიდი. ოპტიმალური ვარიანტია ნაზი ცისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, პატარა უმნიშვნელო უზორებით. არ ღირს გამოიყენოთ მულტფილმების პერსონაჯებით მოხატული შპალერი. ეს აფერხებს ბავშვის ფანტაზიის განვითარებას (ასეთი ვარიანტი მხოლოდ ძალიან პატარა ასაკში შეიძლება დავუშვათ). ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის მასალას. უკეთესია თუ აირჩევთ ისეთ შპალერს, რომელიც ირეცხება. უდავოა, რომ არჩევანი ამ სფეროში ძალიან დიდია. რაც შეეხება იატაკს, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ხის ან ლამინირებულ პარკეტს. ლინოლეუმსა და რბილ იატაკს აქვთ თავისი მინუსები (ლინოლეუმი ძალიან ცურავს, ხოლო რბილი იატაკი მტვერს აგროვებს). პარკეტის ან ლამინატის არჩევის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული სპეციალური სერთიფიკატით. მასალის ფერი უნდა იყოს არჩეული ოთახის ფერთა გამის შესაფერისად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ ბავშვი იატაკზე არამარტო დადის, არამედ გორავს, დაცოცავს და სძინავს კიდევაც. ამიტომ იატაკი უნდა იყოს არამარტო გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა, არამედ თბილიც. ამის მიღწევა თქვენ შეგიძლიათ იატაკის ქვეშ გამათბობელი სისტემის მოთავსებით. ჭერი, ეს მშობლების ფანტაზიის უბანია, სადაც შეუძლიათ არამარტო შეღებონ, შეათეთრონ, ან სხვადასხვა ფორმა მისცენ, არამედ მიაწებონ მასზე მანათობელი (რომლების სინათლეს ისრუტავენ და ღამით ანათებენ) ვარსკვლავები, ფიგურები, ან ჩიტები. ჩაბნელებულ ოთახში დაძინების დროს თქვენი პატარა დაინახავს არა ერთფეროვან სიბნელეს და საშინელ აჩრდილებს, არამედ ვარსკვლავებიან ცას, ან ლამაზ ფიგურებს. შეძლებული მშობლებისათვის, ან მათთვის, ვისაც სურს თავის შვილს აჩუქოს ზღაპარი, არსებობს ვარსკვლავებიანი ცის მზა მოდელი. ეს შეკიდული ჭერია გამზადებული გაფორმებებით. ასეთი ჭერი ძვირი ჯდება, სამაგიეროდ დიდი სიხარული მოაქვს. საბავშვო ოთახი - ეს მთელი სამყაროა ბავშვის აღქმაში. დაფიქრდით ამაზე და აჩუქეთ თქვენს პატარას ბედნიერება. ოთახის გაფორმების დროს შეჯერდით რომელიმე განსაზღვრულ თემატიკაზე და მაშინ ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. ავტორი: ემილი. |
| ინტერიერის გაფორმება ხელოვნებაა და აქაც, ისევე როგორც ხელოვნების ყველა დარგში, ზოგიერთი კანონების დარღვევა და წესებისათვის გვერდის ავლა მისასალმებელია. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგიერთ წესს ეხება. ძირითადად კი დეკორი შეიძლება მეცნიერებასაც კი შევადაროთ, იმდენად სჭირდება წესთა დაცვა. იმ წესებიდან, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული ინტერიერის გაფორმებისას, შეიძლება გამოვყოთ უმთავრესი: მოხერხებულობა და პრაქტიკულობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ მოდურ ტენდენციებზე. ლამაზად მორთული სახლი ისევ სახლად უნდა დარჩეს, სადაც სიამოვნებით იცხოვრებთ. მოაწყვეთ სახლი თქვენთვის და არა სტუმრების გასაოცებლად. ასევე საჭიროა რაიმე იდეის დაცვა. ელეგანტური და საინტერესო დიზაინის შექმნა უფრო ადვილი იქნება, თუ რომელიმე მოტივს, ან ფერთა გამას დავიცავთ. მოტივი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ყვავილები, ზღვა, ცხოველები (ზებრა, ლეოპარდი...) და ა.შ. აუცილებლად შეიტანეთ ინტერიერში სიურპრიზის ელემენტი, მოულოდნელი რამ, რაც გამოაცოცხლებს ოთახის დეკორს: ეს შეიძლება იყოს უზარმაზარი ზომის ფოტო, უცნაური ფორმის თარო, ან სრულიად განსხვავებული ფერის ბალიში დივანზე. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. თქვენი სახლი თქვენს პიროვნულობას უნდა ასახავდეს. არ გამოფინოთ ყველაფერი, რაც გაქვთ. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი მყუდროებასა და უხვად შემკობას შორის. თუ თქვენ ბევრი ლამაზი სამშვენისი გაქვთ ინტერიერისათვის, უკეთესი იქნება გამოფინოთ მხოლოდ მათი ნაწილი და დროისა და განწყობის მიხედვით დრო და დრო ცვალოთ ისინი. ერთი ან ორი ლამაზი სურათი კედელზე მაშინვე იპყრობს ყურადღებას, მაგრამ თუ სურათები ბევრია, ოთახი გალერეას ემსგავსება. თეთრი ფერი ინტერიერში ყოველთვის კარგად გამოიყურება. ის ახალისებს საერთო დეკორს. ვიზუალურად ადიდებს სივრცეს და ხაზს უსვამს ინტერიერში გამოყენებულ ყველა დანარჩენ ფერს. მაგრამ თეთრი მასალები, რომლებსაც ინტერიერში გამოიყენებთ, აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს: ქსოვილები, რომლებიც შეიძლება მათეთრებელი საშუალებით დამუშავდეს; თუ დივანზე ან სავარძლებზე თეთრი გადასაკრავებია, აუცილებლად უნდა ეხსნებოდეს და ირეცხებოდეს. ერთადერთი, რისგანაც შეიძლება თავი შეიკავოთ, ეს თეთრი ხალიჩაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარა ბავშვები ან ცხოველები გყავთ. თუ არა ხართ დარწმუნებული თქვენს გემოვნებაში, ძირითად სპექტრად აირჩიეთ ნეიტრალური ფერები: კრემისფერი, ქვიშისფერი, ნაცრისფერი და ა.შ. ისინი ნებისმიერ სხვა ფერებს ეხამებიან. ნეიტრალური სულაც არ ნიშნავს უფერულს, მაგრამ მაინც სასურველია მას დავამატოთ 2-3 კაშკაშა ფერის ლაქა (ფერადი ბალიშები, ხალიჩა, სურათი, ფარდა ან რაიმე სხვა სახის ელემენტი) არ არის აუცილებელი ყველაფერი იდეალურად იყოს შერწყმული ერთმანეთთან. ერთფეროვნება მოსაწყენია. სტილთა ან ფერთა შერევა არც ისე საშიშია, როგორც ამას ხშირად წარმოაჩენენ. ეკლეკტიკას შემოაქვს მოულოდნელობის ეფექტი. მაგრამ ამ დროს სასურველია არსებობდეს ინტერიერში რომელიმე დამაკავშირებელი რგოლი საერთო იდეისა, შეიძლება ეს იყოს ფერი, ან დიზაინის მოტივი. ამ შემთხვევაში განსხვავებული დეტალი არ იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი. სასტუმრო ოთახში უნდა იყოს ადგილი, სადაც უნდა იჯდეთ და ადგილი, სადაც შეიძლება დადოთ ფინჯანი ყავა ან ჟურნალი. თუ გსურთ, რომ ამ შემთხვევისათვის სტანდარტულ ნაკრებს (დივანი, თავისი სავარძლებითა და მაგიდით) თავი აარიდოთ და ორიგინალურად გადაწყვიტოთ ეს საქმე, შეგიძლიათ დივანის ნაცვლად პოდიუმი ან კანაპე გამოიყენოთ რბილი ბალიშებითა და მუთაქებით. არც ისაა აუცილებელი, რომ დივანი მაინცდამაინც კედელზე იყოს მიდგმული. ის შეგიძლიათ ოთახის შუაგულშიც კი დადგათ. თუ ოთახის შესასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია ბუხარი და ტელევიზორი, შეგიძიათ ოთახის შუაგულში ისეთი სავარძლები დადგათ, რომლებიც ღერძის გარშემო ტრიალებენ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. მოაწყვეთ სახლი თქვენებურად, მაგრამ თავი არ გაიწიროთ. ძნელია მეტისმეტად სათუთი და ფაქიზი ნივთების გარემოცვაში ცხოვრება. თუ ნამდვილ კომფორტს შეიქმნით, სადაც თავისუფლად და ბედნიერად იცხოვრებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სახლი მართლაც ლამაზია. ავტორი: ემილი. |
|
გსურთ თქვენი ბინის გადაკეთება და ახალი, კომფორტული ინტერიერის შექმნა? ეს არც ისე ძნელია, მაგრამ თუ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს, შეიძლება ძალიან ძნელიც კი აღმოჩნდეს. უცოდინარობით რომ არ დაზარალდეთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ, პერლა გთავაზობთ რჩევებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ ბინის რემონტის დროს. 1. ნებისმიერი სარემონტო სამუშაოები იწყება სარემონტო მოედნის მომზადებით: ბინა უნდა დავცალოთ, მოვახდინოთ დემონტაჟი შიდა ტიხრების და კონსტრუქციების (არ შეიძლება შეეხოთ საყრდენ კედლებს), გავასუფთაოთ კედლები, ჭერი, ავყაროთ იატაკი, სანტექნიკა, კარ-ფანჯარა და ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის კაპიტალურ რემონტს. შეიძლება იფიქროთ, რომ ამაზე ადვილი არაფერია, აიღებთ და მოისვრით ყველაფერს, რაც ხელს გიშლით. მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ. ეს ყველაზე არასასიამოვნო, ბინძური და თანაც სახათაბალო საქმეა. შეიძლება დაუდევრობით დაზარალდეთ, ფანჯარა გაგიტყდეთ ჩამოღების დროს, და რამე დაიშავოთ; წყლის მილი დააზიანოთ და მეზობელთან პრობლემები შეგექმნათ, ელ.გაყვანილობის შიშველ ხაზს შეეხოთ, ან სულაც ლიფტი გამოიყვანოთ მწყობრიდან სამშენებლო ნაგვის გატანის დროს. გამოდის, რომ ამ საქმეს უცოდინარმა ადამიანმა არ უნდა მოჰკიდოს ხელი. ბინის გასუფთავებით და სამშენებლო ნაგვის გატანით უნდა ჩაითვალ;ოს, რომ რემონტის პირველი ეტაპი უკან მოიტოვეთ.
2. რემონტის მეორე ეტაპი სამშენებლო მასალაბის ობიექტზე მოტანაა. უცოდინარი ადამიანისთვის ეს საქმეც ძალიან რთულია, რადგან ზუსტად უნდა იცოდეთ რა ხარისხისა და რაოდენობის მასალები დაგჭირდებათ. მასალები შეიძლება მოიტანოთ ეტაპიბრივად (ანუ როდის რა დაგჭირდებათ, იმის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, ბინაში ვეღარ დაეტევით). ობიექტზე მოტანილი მასალები უნდა განალაგოთ ისე, რომ სივრცე დაგრჩეთ სამოძრაოდ და საქმიანობაში ხელი არ შეგიშალოთ. ამავე დროს, ისინი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. არ იფიქროთ მათი ავტოფარეხში ან სადმე სხვაგან დაწყობა, რადგან მასალების აქეთ-იქით თრევა ორმაგად დაგღლით და დროსაც წაგართმევთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მძიმეა მასალა, მით უფრო ძვირი ჯდება მისი გადატანა. 3. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე. უნდა მონიშნოთტიხრების ადგილები და შეუდგეთ მათ ამოყვანას. ამის პარალელურად შეიძლება იმუშაოს ელექტროტექნიკოსმა, გაიყვანოს სადენები კედლებზე და ჭერზე. ასევე შეიძლება გათბობის გაყვანილობის გაკეთება და სანტექნიკის მილების შეცვლა. 4. შემდეგი ეტაპია ლესვა. მლესავები გაასწორებენ და გალესავენ კედლებს, კუთხეებს, ჭრილებს. ამის პარალელურად უნდა დააყენოთ ფანჯრები და რაფები. სანამ ნალესი გაშრება, შეიძლება დაიგოს ბეტონის საფარი, ეგრეთწოდებული "სტიაჟკა"; შეიძლება გაიყვანოთ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები სამზარეულოს, სააბაზანოსა და საპირფარეშოში. ამის შემდეგ ელექტროტექნიკოსი დააყენებს მრიცხველს, ავტომატურ გადამრთველებს... როცა ნალესი გაშრება (კარგი იქნება თუ 1 თვე მაინც გავაჩერებთ სრულ გაშრობამდე) უნდა დაიწყოს სამღებრო სამუშაოები. ასევე უნდა დაიწყოთ მოპირკეთება კერამიკული ფილებით. 6. სამღებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაგებთ პარკეტს. ჯერ იგება ეგრეწოდებული "შავი იატაკი" _ ამისათვის ყველაზე ხშირად იყენებენ ფანერას. ამის შემდეგ იგება პარკეტი (ნატურალური ხის ან ლამინირებული). ნატურალური ხის პარკეტის დაგების შემდეგ, ხდება მისი მოხვეწა, ესმევა გრუნტი და 2-3 ფენა ლაქი. ბოლო ფენა ლაქის წასმიდან 3-5 დღის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ და განაგრძოთ ბინის სამუშაოები, მაგრამ იქ ნუ დაიძინებთ, სანამ ლაქის სუნი იგრძნობა. 7. ყველაზე ბოლო ეტაპი გახლავთ ბინის წესრიგში მოყვანა. უნდა გაიწმინდოს, გაიფხიკოს დასუფთავდეს და ფანჯრები, კარებები, მეტლახი... გავიტანოთ ბინიდან მორჩენილი მასალები, ხელსაწყოები და მუშაობის დროს დაგროვილი სამშენებლო მასალები და თქვენი ბინა მზადაა ავეჯის, სანათების, ფარდებისა და სხვა აქსესუარების მისაღებად! ავტორი: ემილი. |
ბინაში ყოველთვის არ ხერხდება გამოჰყოთ ცალკე ოთახი კაბინეტისათვის. სამაგიეროდ მისი მინიატურული ასლი შეგიძლიათ განათავსოთ რომელიმე სხვა ოთახში. მთავარია თქვენთვის მოხერხებული, სასიამოვნო იყოს მუშაობა და არაფერმა შეგიშალოთ ხელი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულების დროს. ამისათვის ორი ზონა უნდა გამოჰყოთ ერთ ოთახში. როგორც წესი, "მინი-კაბინეტის" განთავსებისათვის არჩევენ ხოლმე საძინებელ ოთახს (უფრო იშვიათად - სასტუმრო ოთახს). საერთო სივრცის ორ ზონად გაყოფის ოპტიმალურ ვარიანტად, ამ შემთხვევაში, ითვლება სტელაჟი ღია ან კომბინირებული თაროებით. ის გამოჰყოფს საძინებელს სამუშაო ზონისაგან, იტევს ყველა საჭირო დოკუმენტებს, ნივთებს და ასევე, ქმნის მინიმალურ ხმის იზოლაციას. ასეთ ვარიანტში მოგიწევთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სამუშაო მაგიდით, კომპიუტერითა და სავარძლით. კაბინეტის მაგიდა - მთავარი ადგილია მრავალრიცხოვანი საქმიანი ქაღალდებისათვის და კომპიუტერისათვის. მნიშვნელოვანია მათ მიღმა თავი მოხერხებულად და მყუდროდ იგრძნოთ. შემოფარგლულ სივრცეში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ერგონომიული ფორმის მაგიდას. ის მარტივი და მოხერხებულია. აქვს ტევადი უჯრები და დაკიდული კედლის თაროები ყველა ბიზნეს-აქსესუარებისათვის. ასეთი მაგიდებისათვის მასალები, როგორც წესი, ლამინირებული დაფებია, ფეხები კი ძირითადად მეტალისაგან მზადდება. აუცილებელია კარგად მოიფიქროთ განათების განთავსება. ოთახის ინტერიერი, კომპიუტერის სამუშაო ზონის ჩათვლით, მოითხოვს განათების სწორ ორგანიზებას. სინათლე უნდა იყოს საკმარისი მუშაობისათვის და ამასთანავე, არ უნდა ანათებდეს საძინებელ ზონას - უნდა იყოს მიმართული ეკრანისა და კლავიატურისკენ; არ უნდა იყოს დამაბრმავებელი, არ უნდა ტოვებდეს ჩრდილებს ეკრანზე და არ ღლიდეს თვალებს. მიმართული ადგილობრივი განათების მიღმა ასევე საჭიროა იყოს საერთო გაფანტული განათებაც კონტრასტის შემცირების მიზნით (მაგალითად ჭერის წერტილოვანი ნათურები). ასევე მნიშვნელოვანია ჰარმონია. განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაუთმოთ იმას, რომ სამუშაო ზონა ოთახში განთავსებისას საერთო ინტერიერს სწორად ერწყმოდეს. რა თქმა უნდა, მინიატურული კაბინეტი გამოყოფილი უნდა იყოს დანარჩენი სივრცისაგან, მაგრამ არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი. თუ სხვა ავეჯი ღია ფერისაა ოთახში, არ ღირს მუქი ფერის საწერი მაგიდის არჩევა. აქსესუარების არჩევის დროს, ასევე მიაქციეთ ყურადრება მათ სტილს. თუ კლასიკური სტილის საძინებელ ოთახში აწყობთ სამუშაო ზონას, ისიც ამავე სტილში უნდა გადაწყვიტოთ და განათებაც იგივე სტილში შეურჩიოთ. და ბოლოს: ყველაზე კარგი ვარიანტია სამუშაო ზონისთვის გამოჰყოთ ადგილი ფანჯარასთან. კიდევ უკეთესია, თუ მაგიდა ისე იქნება დადგმული, რომ კედლისაკენ ზურგით იჯდეთ: ეს იძლევა ფსიქოლოგიურად მშვიდ განწყობას და ეხმარება კონცენტრირებაში. მოაშორეთ სამუშაო მაგიდიდან ყველა საგანი, რომლებიც მუშაობის პროცესში არ დაგჭირდებათ თუ არ გინდათ ყურადღება გაგეფანტოთ. ტელეფონი ისე დააყენეთ, რომ ხელი მიგიწვდებოდეთ, რადგან არ მოგიწიოთ სამუშაოს მიტოვებამ ყოველი ზარის დარეკვის დროს. ისარგებლეთ ამ რჩევებით და თქვენ შეძლებთ სრულფასოვანი სამუშაო ზონის შექმნას სახლის ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში, რომელიც თქვენი ინტერიერის და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. |
| |
| |
| | |
|
Block title |
| |
|
|