![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/1366467895_naqalaqevi_04.jpg)
დაბზარული კედლები და შუაზე გადახსნილი ოთახები, - სოფელ ნაქალაქევში, მეწყერის გამო, თითქმის ყველა სახლი ავარიულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბზარები კედლებს დღითიდღე ემატება. საცხოვრებელი სახლის გარეშე კი უკვე 12 ოჯახია დარჩენილი.
”1983 წლიდან ასეთ დღეში ვართ, სახლი ქვემოთ მიდის, ბეტონიც ჩავასხით, მაგრამ ვერ შევაჩერეთ. კედლებიდან ქვები ცვივა, ყოველ წელს ვლესავთ დაბზარულ კედლებს, მაგრამ შედეგი არ აქვს. ამბობენ, მიწისქვეშ ცხელი წყალი გადისო. ვის არ მივმართეთ, თბილისამდე ჩავედით, მაგრამ არავინ ჩვენი პატრონი არ არის. ერთადერთი დახმარება ის იყო, რომ წლების წინ ყველაზე დაზიანებულ სახლის მეპატრონეებს თავშესაფრად რკინის ვაგონები დაგვირიგეს”, - ამბობს მელანო კაველიძე.
![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/thumbs/1366467996_naqalaqevi_07.jpg)
კაველიძეების მეზობლად მცხოვრები ნოდარ ბერიძე ოჯახთან ერთად წლებია სახლის გვერდით, სათავსოში ცხოვრობს. მათი კუთვნილი ორსართულიანი სახლის ნაწილი ჩამონგრეულია და საცხოვრებლად საშიშია.
”სპიტაკი რომ დაინგრა, მას შემდეგ შევამჩნიეთ ბზარები. მიწა მცოცავი გამოდგა და ამიტომ ინგრევა. საცხოვრებელის გარეშე ვართ დარჩენილები. ჩემი შვილი ცოლ-შვილთან ერთად ქალაქში ქირით წავიდა საცხოვრებლად, ჩვენ, მოხუცები კი აქ დავრჩით. პენსიონერებმა რით უნდა ვირჩინოთ თავი?! კომუნისტები რაც წავიდნენ, მას შემდეგ არავინ დაგვხმარებია. მარტო წინასაარჩევნოდ ვახსენდებით მთავრობას, დაგვპირდებიან და მერე აღარ ვახსოვართ. მერამდენედ ავირჩიეთ დეპუტატი ტაშისკვრით, მაგრამ რადგან ჩვენი მხრიდან არ არიან მთავრობაში, ყურადღებას არავინ გვაქცევს. ამ მთავრობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გავახსენდეთ ვინმეს?!” - ამბობს 74 წლის ნოდარ ბერიძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 90-იან წლებში გეოლოგებმა გამოიკვლიეს ტერიტორია და მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ სოფელში ცხოვრება საშიში იყო. ნებისმიერ წამს შეიძლება რომ მეწყერმა სოფელი ქვეშ მოიყოლოს.
![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/thumbs/1366468022_naqalaqevi_06.jpg)
”სოფელი წყალზე დგას. გეოლოგები შარშანაც იყვნენ, ჩვენ ეზოში დაბურღეს და 50 მეტრის ქვემოთ წყალია. რამდენიმე ”ცისტერნა” წყალი ჩაცალეს და სად მიდის ვერ გაიგეს, თვითონაც გაკვირვებულები დარჩნენ. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ყოველდღიურად ინგრევა სოფელი. ღამე როცა სიჩუმეა, სახლის ტკაცუნი, მიწიდან კი გუგუნის ხმა ისმის”, - ამბობს 66 წლის ღუღუნი ბერიძე.
სოფელ ნაქალაქევში ასამდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკმარისი მიწის ნაკვეთები არ აქვთ და თავს მესაქონლეობით ირჩენენ.
”სოფელში ყველა უმუშევარია, რით უნდა გამოვკვებოთ ოჯახი, არ ვიცით. ყველაფერთან ერთად, სახლები თავზე გვენგრევა და ჩვენი პატრონი არავინ არის”,- ამბობს მალხაზ კაველიძე.
კახა მაისურაძე ოჯახთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავარიულ სახლში 20 წელია ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან დახმარების იმედი არ აქვს.
![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/thumbs/1366468084_naqalaqevi_05.jpg)
”სოფელში ცხოვრება აღარ შეიძლება, ყოველდღე ინგრევა. ყოველ წელს მოდიან, სურათებს გადაიღებენ და წავლენ. აზრი არ აქვს რამის მოთხოვნას, როცა ვითხოვდით, რით დაგვეხმარნენ?! 20 წელია ამ დანგრეულ სახლში ვცხოვრობ და არავის გავხსენებივართ. ახალი ხელისუფლება ჯერ არ მოსულა, ალბათ ეგენიც წინასაარჩევნოდ მოვლენ”, - ამბობს იგი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ნაქალაქევის მოსახლეობისთვის დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას თანხა არ აქვს. აქვე გვარწმუნებენ, რომ ცდილობენ მოსახლოების პირობები გააუმჯობესონ და ეხმარებიან მათ, ვისაც სახურავის შეცვლა, ან ბზარების ამოსავსებად ცემენტი სჭირდება.
”რომელ სახლშიც ვიყავი, აზრი არ აქვს დახმარებას, სულ უნდა დაშალო და სხვა ადგილზე გადაიტანო. მეწყერულ ზონაში მცხოვრებ მოსახლობას რომ დავეხმაროთ, უფლება არ გვაქვს, რადგან წყალში გადაყრილი ფული იქნება”, - გვეუბნება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი მიხეილ მაისურაძე.
მისივე თქმით, გეოლოგიური კვლევა განმეორებით 2010 წელს ჩატარდა და გაირკვა, რომ პროცესი შეჩერებული არ არის. მაგრამ, მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება არ უნდა. წლების წინ დარიგებული ვაგონები კი, რომელშიც უნდა ეცხოვრათ, გაყიდეს და ამით პირობები უფრო გაიუარესეს.
![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/thumbs/1366468083_naqalaqevi_03.jpg)
იმას, რომ მოსახლეობას სოფლის დატოვება არ სურს, სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამაზ მაღრაძეც ადასტურებს. იგი ამბობს, რომ წლების წინ სოფლის მოსახლეობის გადასახლება წალკაში იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობამ სოფლიდან წასვლაზე უარი თქვა და კომპენსაცია მოითხოვა.
”დაახლოებით 2007 წელს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაიგზავნა მიმართვა თბილისში. მოგვივიდა პასუხი, რომ წალკაში უნდა გადაგვესახლებინა, მაგრამ მოსახლეობამ უარი თქვა. ამის შემდეგ არაფერი ვიცი”, - ამბობს რწმუნებული და ამატებს, რომ აპრილის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დახმარების თხოვნით წერილის გაგზავნას გეგმავს
![სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს](http://sknews.ge/uploads/posts/2013-04/thumbs/1366468166_naqalaqevi_01.jpg)
ადგილობრივებს კი დახმარების იმედი აღარ აქვთ.
”გასახლებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რეალურად არავის არაფერი შემოუთავაზებია”, - ამბობს კახა მაღრაძე.