შეგახსენებთ, რომ ლგბტ იშიფრება როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა 17 მაისის აქცია გეიაღლუმად მონათლა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ გეიაღლუმი, ლგბტ პირების გარდა, აქციაზე შეიკრიბნენ მათი უფლებების დამცველები, მათი შეკრების მიზანი კი ჰომოფობიის გაპროტესტება გახლდათ.
მცირე რამ ლგბტ საზოგადოების ისტორიიდან - თავად ეს საზოგადოება თავის გამოსვლებს ყველაზე ხშირად ''სიამაყის მარშს'' უწოდებს, როდესაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და საკუთარი უფლებების დაცვის, ასევე ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების მოთხოვნით ქუჩაში გამოდიან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 17 წელიწადია, ყველაზე დიდი ''სიამაყის მარში'' ბრაზილიაში, კერძოდ, სან-პაულოში იმართება. 2006 წელს ზემოხსენებულ ღონისძიებაზე 2,5 მილიონი ადამიანი, 2009 წელს კი - 3,2 მილიონი გამოვიდა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ რაოდენობის მონაწილე არც ერთ გეიაღლუმს არ ჰყოლია, შესაბამისად, ზემოხსენებული აქცია გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.
ქართველი საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის წარმატებულად აღნიშვნის შემდეგ ლგბტ პირები იმდენად გაკადნიერდებოდნენ, რომ გეიაღლუმის მოწყობასაც მოინდომებდნენ, შესაბამისად, ამართლებენ კიდევაც იმ ძალადობას, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა. ძალადობას კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ 17 მაისს ზოგიერთი საეკლესიო პირი ''უზრდელურად იქცეოდა''. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ შს სამინისტრომ აქციაში მონაწილე ორ სასულიერო პირს - არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ ბასილაიას ბრალი წაუყენა...
დავინტერესდით, რას ფიქრობენ ცნობილი სახეები ზემოხსენებული აქციის შესახებ და გამართლებულად მიიჩნევენ თუ არა გეიაღლუმის მოწყობას მომავალში.
შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი:
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/shalva-ramishvili.jpg)
რეზო ამაშუკელი, პოეტი:
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/rezo-amashukeli.jpg)
17 მაისის აქცია იყო პროვოკაცია ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, როგორც ბევრი სხვა რამ. ყველა დროს იყო ასეთი ხალხი, მაგრამ ამგვარი შეკრებების გამართვა არ შეიძლება. საქართველო სხვა ქვეყანაა. არ ვერჩით მათ, მაგრამ ნუ ძალადობენ ჩვენზე და ნერვებს ნუ გვიშლიან. საქართველოში არ გამოვა ამათი შეკრებები და გეიაღლუმები. თუ უნდათ, სხვა ქვეყნებში გამართონ ასეთი აქციები, იქორწინონ კიდეც და თუ უნდათ, ხელისმომკიდეებიც წაიყვანონ აქედან.
ან პატრიარქის შეურაცხყოფა როგორ გაბედეს?!. ხალხს ტვინი გადაუბრუნეს, ზოგიერთი პარლამენტარი კი თვალების ნაბვით გველაპარაკება... მეორედ ეგეთ თემებზე სალაპარაკოდ აღარ დამირეკოთ.
გიორგი ლიფონავა, ''ჩემი ცოლის დაქალების'' რეჟისორი:
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/giorgi-lifonava.jpg)
- ერთ-ერთ ბოლო სერიაში ვანიკო თახნიშვილის პერსონაჟს გიტარის ცისარტყელას ფერებიანი ქამარი ეკეთა. სპეციალურად ხომ არ მოარგეთ მის გმირს ეს ქამარი, ცისარტყელა ხომ ლგბტ პირების სიმბოლოდ მიიჩნევა?
- არა, რასაკვირველია, ეს დამთხვევა იყო. შეგიძლიათ სხვა, წინა სერიების კლიპებიც ამოიღოთ. ხურცილავას გმირს სულ ეს ცისარტყელებიანი ქამარი უკეთია. მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ გადახედოთ კლიპებს.
ბასა ხარაზი, მსახიობი:
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/basa-samxaradze.jpg)
- ბასა, შენი პერსონაჟი ''ჩემი ცოლის დაქალებში'' გეია. 17 მაისის შემდეგ ხომ არ გაძლიერდა შენ მიმართ უარყოფითი რეპლიკები? მახსოვს, ჩვენთან ინტერვიუში ამბობდი, რომ რამდენჯერმე შენი გმირის გამო ნეგატიური კომენტარების მოსმენა მოგიხდა.
- ნამდვილად გაძლიერდა ამგვარი ტალღა. მეტი ადამიანი მიცქერს დაჟინებით, როცა ქუჩაში გამოვდივარ. 17 მაისის შემდეგ მეგობრებმა დამირეკეს, ქუჩაში გამოსვლას მოერიდე, რადგან შეიძლება მოგკლანო. სადაც შარვლის და პერანგის ფერის გამო მისდევდნენ ხალხს საცემრად, იქ მე რა მომივიდოდა, როცა გეის ვასახიერებ?
- ერიდები გასვლას?
- არანაირად არ ვერიდები. თუკი ვინმე რაიმეს მეტყვის, საკადრის პასუხს მიიღებს. მაგრამ მათსავით არანორმალური ვერ გავხდები და არც მაქვს საფუძველი იმისა, რომ გავხდე. ჩემი პასუხი ზომიერი იქნება.
სალომე გოგიაშვილი, ტელეწამყვანი:
- სალომე, შენ ჰომოფობიური განცხადებების გამო დავით ქაცარავასთან ერთად ''იმედის დილიდან'' მცირე ხნის წინ გაგათავისუფლეს. 17 მაისის აქციას და იქ განვითარებულ მოვლენებს როგორ უყურებ?
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/salome-gogiashvili.jpg)
რაც შეეხება ჩხუბსა და ცემა-ტყეპას, აქციის ასეთ დასასრულს მე ველოდებოდი და თავად ამ აქციის ორგანიზატორები რატომ არ ელოდებოდნენ. ''ნაციონალებმა'' ისე გააპარპაშეს ეგენი, რომ ხომ ხედავთ, აქციების ჩატარების პრეტენზია გაუჩნდათ. გასაკვირი არ არის.
- ანუ ამართლებ მათ ცემას?
- საერთოდ, ყველანაირ ძალადობას ვგმობ და არ აქვს მნიშვნელობა, კაი ბიჭებს სცემენ თუ გეებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შინაგანად ველოდებოდი, რომ ასეთი დასასრული იქნებოდა და თავად რატომ ვერ გათვალეს? რუსთაველზე, ქალაქის ცენტრში, კაცები თუ ვინც არიან, რომ გამოდიან და აქციას ატარებენ, არ იციან, რომ ამას ქართველი აზიატი მამაკაცები ტაშის ცემით არ შეხვდებიან?!.
გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:
![დაუჭერენ თუ არა მხარს გეიაღლუმის ჩატარებას ცნობილი ადამიანები Rating](http://www.reitingi.ge/images/stories/article/INTERVIU/SAZOGADOEBA/gvanca-daraselia.jpg)
მე ახლა დილეტანტის დონეზე ვსაუბრობ, რადგან არ ვარ ღრმად ჩახედული სექსუალური უმცირესობების უფლებებში და იმაში, კანონი რას ითვალისწინებს ამ კუთხით. ერთი რამის თქმა შემიძლია, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გეიაღლუმს არ გავმართავდი, რადგან ქართველი ხალხის მენტალიტეტი ამ ფორმით ვერ შეიცვლება. მგონია, რომ გეიაღლუმით არ დადგება სექსუალური უმცირესობებისთვის სასურველი შედეგი. აღლუმის ჩატარება საქართველოსნაირ ქვეყანაში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''